Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

დონ ჯოვანი

ოპერა ორ მოქმედებად

ლიბრეტოს ავტორი: ლორენცო და პონტე 
პრემიერა: პრაღის „წოდებათა“ თეატრი, 1787 წლის 29 ოქტომბერი

პრემიერა საქართველოში: 1867 წლის 12 ნოემბერი, თბილისის „ქარვასლის“ თეატრი

 

დონ ჯოვანი გიორგი ლომისელი
დონა ანა ანნა ხარაიძე
დონ ოტავიო მატეო მაკიონი
კომანდორი კახაბერ თეთვაძე
დონა ელვირა ირინა თაბორიძე
ლეპორელო რამაზ ჩიკვილაძე
მაზეტო გიორგი გოდერძიშვილი
ცერლინა ლინა წიკლაური

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი

 

დამდგმელი დირიჟორი ალვიზე კაზელატი
დირიჟორი სირიო სკაკეტი
დამდგმელი რეჟისორი მარიო გასი
სცენოგრაფი ეციო ფრიჯერიო
კოსტიუმების დიზაინერი ფრანკა სკვარჩაპინო

განათების დიზაინერი: სტეფანო გორერი
სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი: თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი: მარინა ბურჭულაძე

 

სევილიის Teatro de la Maestranza-ს პროდუქცია

პროდუქციის პრემიერა საქართველოში: 2026 წლის 23, 24, 25, 26 აპრილი

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

შინაარსი

ვრცლად

შინაარსი

პირველი მოქმედება
ღამეა. მსახური ლეპორელო დარაჯობს თავის ბატონს, დონ ჯოვანის, რომელიც კომანდორის სახლში მისი ქალიშვილის, დონა ანას საცდუნებლად შეიპარა. ლეპორელოს წუწუნს დონა ანას ყვირილი არღვევს - ის მოძალადეს დაედევნა და მის ამოცნობას ცდილობს. ხმაურზე გამოდის კომანდორი და დონ ჯოვანის ორთაბრძოლაში იწვევს. ხანმოკლე შეტაკება მოხუცის სიკვდილით სრულდება. დონა ანა და მისი საქმრო, დონ ოტავიო შურისძიებას გეგმავენ.

ლეპორელო ცდილობს ბატონს მისი საქციელის მორალურ მხარეზე მიაქცევინოს ყურადღება. მაგრამ დონ ჯოვანის ახლა სხვა იდუმალი ლამაზმანი მოსტაცებს თვალს - ეს დონა ელვირა გამოდგება. ახალგაზრდა ქალი ბურგოსიდან ჩამოვიდა, რათა მოძებნოს დონ ჯოვანი, რომელიც დაქორწინებას დაჰპირდა, აცდუნა და გაქრა. დონ ჯოვანი ქალს ლეპორელოს შეატოვებს, ისიც, ცდილობს ანუგეშოს, უხსნის, არ პირველი ხარ, არც უკანასკნელიო, და მისი ბატონის მიერ მიტოვებული ქალების გრძელ სიას უჩვენებს.

ამასობაში, დონ ჯოვანი ახალგაზრდა წყვილს, ძერლინას და მაზეტოს გადააწყდება. ისინი, სტუმრებთან ერთად, საკუთარი ქორწილის აღსანიშნავად მიიჩქარიან. დონ ჯოვანი ყველას თავის სასახლეში გაისტუმრებს ძერლინას გარდა, რომელსაც დაპირებებით თავბრუს დაახვევს. განზრახვას დონა ელვირა ჩაუშლის. ძერლინა გარბის, დონ ჯოვანის კი დონა ანა და დონ ოტავიო ხვდებიან და შურისძიებაში დახმარებას სთხოვენ. ისევ ჩნდება დონა ელვირა და აფრთხილებს წყვილს, არ ენდონ ამ მატყუარას. დონ ჯოვანი ცდილობს დაარწმუნოს მეგობრები, რომ დონა ელვირა სიყვარულის ნიადაგზე გაგიჟდა, მაგრამ მისი რეპლიკები არადამაჯერებელია. ამასთან, როგორც კი იქაურობას გაეცლება, დონა ანას მის ოთახში შემოპარული მოძალადის ხმა ახსენდება; ხვდება, რომ ეს დონ ჯოვანია და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დონ ოტავიოს შურისძიებისაკენ.

დონ ჯოვანი საკუთარი სასახლისკენ მიიჩქარის, სადაც მხიარულ მექორწინეებს მოუყრიათ თავი. მსახურებს უბრძანებს, გულუხვად გაუმასპინძლდნენ სტუმრებს და ბალ-მასკარადზე ყველა გამვლელ-გამომვლელი დაპატიჟონ. ასე აღმოჩნდებიან სტუმრებს შორის შენიღბული დონა ანა, დონა ელვირა და დონ ოტავიო, რომლებსაც მისი მხილება აქვთ განზრახული.

დონ ჯოვანი კიდევ ერთხელ ცდილობს ძერლინასთან მიახლოებას, მაგრამ ქალი ყვირილს ატეხს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლეპორელოს ბრალდება. შურისმაძიებლები დონ ჯოვანის შემოეხვევიან და დანაშაულში ამხელენ, და სწორედ მაშინ, როცა შველა თითქოს არსაიდან ჩანს, ბრალდებული ახერხებს მათგან თავის დაღწევას და გარბის.

 

მეორე მოქმედება
დონ ჯოვანიმ ახალი სამიზნე იპოვა - დონა ელვირას ახალგაზრდა მოახლე. ახლა აპირებს, სერენადა მიუძღვნას, მაგრამ, არ სურს, მოახლოებულ დონა ელვირას რამენაირად მოხვდეს თვალში, ამიტომ ლეპორელოს სამოსს გაუცვლის და აიძულებს, ქალი რამენაირად გაართოს და იქაურობას მოაშოროს. როგორც კი წყვილი თვალს მიეფარება, მანდოლინის აკომპანემენტის თანხლებით სერენადას ასრულებს.

ამასობაში, ლეპორელოს დონა ანა, დონ ოტავიო, მაზეტო და ძერლინა შეიპყრობენ. შეშინებული მსახური მხოლოდ საკუთარი ვინაობის გამხელით ახერხებს მათგან თავის დაღწევას. ასეთი ხრიკი კიდევ უფრო აბრაზებს შურისმაძიებლებს. მხოლოდ ელვირა მერყეობს სიყვარულსა და შურისძიებას შორის.

გასავათებული ლეპორელო სასაფლაოზე ხვდება ბატონს, რომელიც მშვენიერ ხასიათზეა და თავის თავგადასავლებს უყვება მსახურს. საიდანღაც გაისმის საბედისწერო ხმა. დონ ჯოვანი აღმოაჩენს, რომ კომანდორის საფლავის ქანდაკებას მისდგომიან და ლეპორელოს უბრძანებს, მოხუცი სადილად დაპატიჟოს. ქანდაკება, მოულოდნელად, თანხმობის ნიშნად თავს ხრის.

დონა ელვირა უკანასკნელად ცდილობს ყოფილი საყვარლის გონზე მოყვანას, მაგრამ ამაოდ. დონ ჯოვანი სადილობს და ქალის შეგონებები სრულიად არ აინტერესებს. დონა ელვირა სასახლეს ტოვებს და უეცრად მისი შემზარავი კივილი გაისმის. კარებში შემოდის კომანდორის ქანდაკება. მისი მოთხოვნა მკაფიოა - ან მონანიება, ან ჯოჯოხეთის ცეცხლი. დონ ჯოვანი სიმტკიცეს არ კარგავს, მაგრამ მალე დემონების შემაძრწუნებელი ღრიალის თანხლებით, ჯოჯოხეთი შთანთქავს.

შურისმაძიებლები კვლავ ბრუნდებიან, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ შიშისგან გულგახეთქილ ლეპორელოს პოულობენ. დონ ჯოვანის კი მიწამ უყო პირი. ბოროტმოქმედი დაისაჯა, ამიერიდან ყველას შეუძლია ძველებურად გააგრძელოს ცხოვრება.