GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

გაეტანო დონიცეტი

სიყვარულის ნექტარი

ოპერა ორ მოქმედებად.
ლიბრეტოს ავტორი: ფელიჩე რომანი
პროდუქციას საფუძვლად უდევს ფერნანდო ბოტეროს ნახატების ციკლი „ცირკი“

პრემიერა: 1832 წლის 12 მაისი, მილანის Teatro della Canobbiana
პრემიერა საქართველოში: 1854-55 წლების სეზონი, თბილისის „ქარვასლის“ თეატრი
პროდუქციის პრემიერა: 2017 წლის 28 მაისი, 1-15 ივნისი

ნემორინო - გიორგი ხოფერია
ადინა - სოფიო მჭედლიშვილი
ბელკორე - გიორგი ლომისელი
დულკამარა - აკაკი გუგუშვილი
ჯანეტა - ქეთევან პაპინაშვილი

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და გუნდი
დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
რეჟისორი - ვიქტორ გარსია სიერა
რეჟისორის ასისტენტი - ლელა გვარიშვილი
მხატვარი და სცენოგრაფი - ფერნანდო ბოტერო
მთავარი ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი

სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი: თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი: მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

 

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება


პირველი სცენა

ნემორინო, ახალგაზრდა, ღარიბი გლეხი, უთვალთვალებს ფერმის მშვენიერ მეპატრონეს, ადინას, რომელიც დასასვენებლად ჩამომსხდარ მომკელებს შორის ზის და კითხულობს. ნემორინო სასოწარკვეთილია – ადინა ისეთი ლამაზია, ისეთი განათლებული და მიუწვდომელი... მუშების თხოვნით, ადინა მათ ხმამაღლა უკითხავს, როგორ მოიპოვა მამაცმა ტრისტანმა მშვენიერი იზოლდას სიყვარული ჯადოსნური ელექსირის დახმარებით. ნემორინო გადაწყვეტს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ასეთი სასმელი.

გაისმის დაფდაფების ხმა და სოფელში შემოდის გარნიზონი სერჟანტ ბელკორეს მეთაურობით. ბელკორე დაუყოვნებლივ წარუდგება ადინას, ყვავილების თაიგულს მიართმევს და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, ცოლობას სთხოვს. ქალი ჰპირდება, რომ იფიქრებს ამაზე. შეშინებული ნემორინო სასწრაფოდ გამოუტყდება სიყვარულში ადინას, რომელიც პასუხობს, ჩემს სიყვარულზე ოცნებაში დრო ტყუილად არ დაკარგო, უმჯობესია ქალაქში მყოფ ავადმყოფ ბიძას მოუაროო.

 

მეორე სცენა

ამასობაში სოფელში მოხეტიალე ექიმბაში, დულკამარა ჩამოდის და მოსახლეობას „სასწაულმოქმედ ბალზამებს“ სთავაზობს. ნემორინო მორიდებით კითხულობს, აქვს თუ არა მას ზუსტად ისეთი სიყვარულის ელექსირი, როგორიც ადინას წიგნშია აღწერილი. დულკამარა არწმუნებს, მაქვსო, და ერთ ბოთლ ბორდოს ღვინოს მიჰყიდის. ნემორინო ამ „ჯადოსნურ სასმელში“ უკანასკნელ დუკატს გადაიხდის და ბოთლს დაუყოვნებლივ გამოცლის. თუმცა, დულკამარა უხსნის, შედეგს ხვალისთვის დაელოდეო – ამ დროისთვის თაღლითი ექიმბაში უკვე ძალიან შორს იქნება.

ადინა გაოცებულია – ნემორინო თვალსა და ხელს შუა შეცვლილა, ხუმრობს, იცინის, მხიარულობს და მას ზედაც არ უყურებს. გაბრაზებული ქალი, სამაგიეროდ, ბელკორეს ეარშიყება და, რაკი გარნიზონმა სოფელი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, ქორწინებაზეც თანხმდება. თავზარდაცემული ნემორინო ევედრება ადინას, ერთი დღე მაინც მოიცადოს, მაგრამ ამით მხოლოდ ბელკორეს რისხვას იმსახურებს. ადინა კი, დაძაბულობის განსამუხტად, სოფლელებს თავისთან, ნიშნობაზე ეპატიჟება.

მეორე მოქმედება

პირველი სცენა

წვეულება დიდი ხანია, დაიწყო, მაგრამ ადინა გაღიზიანებულია – მისი განზრახვა, საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი ნემორინოს ცხვირწინ მოეწერა, ჩაიშალა. ნემორინო წვეულებაზე არ მოდის. ამიტომ ქალი გადაწყვეტს, ქორწილი საღამომდე გადადოს.

სასოწარკვეთილი ნემორინო დულკამარას ეკითხება, როგორ უნდა დააჩქაროს ელექსირის მოქმედება. შარლატანი პასუხობს, ეს მხოლოდ დოზის გაზრდითაა შესაძლებელი, და თუკი მეორე ბოთლიც გსურს, ცხადია, უნდა გადაიხადოო. ჯიბეცარიელი ნემორინო იძულებულია, მისი მეტოქის, ბელკორეს შეთავაზება მიიღოს და ფულის გამო არმიაში ეწერება, სადაც ოც სკუდოს უხდიან. ის დაუყოვნებლივ გაქანდება ელექსირის მეორე ბოთლის საყიდლად.

 

მეორე სცენა

მოულოდნელად, სოფლელები ახალ ამბავს შეიტყობენ: ნემორინოს ქალაქელი ბიძა გარდაცვლილა და მისთვის დიდი მემკვიდრეობა დაუტოვებია. ახალგაზრდა კაცმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის, ამიტომ, როცა მეორე ბოთლის გამოცლის შემდეგ გოგოები ეხვევიან, ჰგონია, რომ ელექსირმა, ბოლოსდაბოლოს, მოქმედება დაიწყო.

ადინა, რომელიც ნემორინოს არმიაში ჩაწერის გამო თავს იდანაშაულებს, მას გოგონების გარემოცვაში ხედავს და ეჭვიანობს. დულკამარა ქალს ელექსირის საოცარ ძალაზე ეტრაბახება და მის გასინჯვას სთავაზობს. მაგრამ ადინა დარწმუნებულია საკუთარ ძალებში.

გოგონებით გარემოცული ნემორინო ადინას თვალებში ცრემლებს ამჩნევს და ჰგონია, რომ ქალი მის გამო დარდობს. თუმცა, როცა ადინა ატყობინებს, რომ მისი გაწვევის საბუთები გამოისყიდა, ის კვლავ გულგრილი რჩება.

საბოლოოდ, ადინა ნემორინოს სიყვარულში გამოუტყდება. მოულოდნელად შემოსული ბელკორე წყვილს ერთად ხედავს და ნირწამხდარი აცხადებს, ამქვეყნად ათასობით ქალი ოცნებობს ჩემს სიყვარულზეო. სოფლელები დიდი პატივით მიაცილებენ დულკამარას, რომელიც ახალ-ახალი სივრცეების დასაპყრობად მიემართება.