თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 166
25 მარტი, 2018 წელი
პრემიერა
ჯაკომო პუჩინი
ტურანდოტი
ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორები: ჯუზეპე ადამი და რენატო სიმონი
პრემიერა: მილანის La Scala, 1926 წლის 25 აპრილი
ტურანდოტი – მაყვალა ასპანიძე
კალაფი – გიორგი ონიანი
ლიუ – თინათინ მამულაშვილი
ტიმური - რამაზ ჩიკვილაძე
პინგი – ანდრეა ზაუპა
პანგი – ბლაგოი ნაცოსკი
პონგი – კარლოს ნატალე
მანდარინი – გია ასათიანი
იმპერატორი – ალექსანდრე დეკანოიძე
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის
გუნდი და ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორის ასისტენტი: პაპუნა ღვაბერიძე
დამდგმელი რეჟისორი: ალფონსო სინიორინი
რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე,
ლელა გვარიშვილი, თამარ გურგენიძე
სცენოგრაფი: კარლა ტოლომეო
კოსტიუმების მხატვრები: ფაუსტო პულიზი, ლეილა ფტეიტა
განათების მხატვრები: სტეფანო გორერი, ამირან ანანიაშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი – ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი - თამარ ჩარგეიშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე – გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები – ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე
ტორე დელ ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროდუქცია
სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ვინ იცის რა არის ის, რაც ბნელში ანათებს, ყოველი განთიადისას კვდება, რათა ყოველღამე თავიდან დაიბადოს?
ან, ის, რაც წითლად ელავს და ალივით ცხელია, მაგრამ ცეცხლი არ არის?
ანდა ყინული, რომელიც წვავს?
პასუხებს ჯაკომო პუჩინის უკანასკნელ შედევრში აღმოაჩენთ.
25 მარტიდან თბილისის ოპერაში „ტურანდოტის“ პრემიერაა.
შინაარსი
პირველი მოქმედება
პეკინში, იმპერატორის სასახლის წინ, მცველებით გარშემორტყმული მანდარინი ბასტიონის თავზე შემომდგარა და სასტიკ ბრძანებას კითხულობს: წმინდა ტურანდოტი ცოლად გაჰყვება მეფური მოდგმის კაცს, რომელიც მის სამ გამოცანას გამოიცნობს მაგრამ, თუ ბედის მაძიებელი დამარცხდა, მას თავს მოჰკვეთენ. მორიგი დამარცხებული - სპარსეთის პრინცია და ეგზალტირებული ბრბო მისი დასჯის სანახაობას მოუთმენლად მოელის. ათასი ჯურის ხალხია სავსე მოედანზე შეკრებილი ხალხი გარინდული უსმენს მანდარინის სიტყვას.
სეირის მაყურებელთა შორისაა მონა გოგონა ლიუ, მისი მოხუცი ბატონი ტიმური და ახალგაზრდა კალაფი, რომელიც ბერიკაცში თავის დაკარგულ მამას, თათართა ჩამოგდებულ მეფეს ამოიცნობს.
როცა კალაფი გაიგებს, რომ ლიუ ერთადერთია, ვინც მამამისი დევნილობაში არ მიატოვა, ეკითხება, თუ რატომ იტვირთა ამდენი ტანჯვა. „იმიტომ, რომ, ერთხელ, სასახლეში, გამიღიმე“ - პასუხობს ის.
ბრბოს სისხლი სწყურია და ჯალათს, პუ ტინ პაოს მოუხმობს. მთვარის ამოსვლისთანავე ჯალათის მსახურებს, მანდარინებსა და წარჩინებულთ სასჯელის ადგილისკენ მიჰყავთ ფერწასული და დაბნეული სპარსეთის უფლისწული. მის დანახვაზე ბრბოს გული მოულბება და პრინცესას მის შეწყალებას სთხოვს. მთვარის ცივ შუქზე მოჩვენებასავით გამოჩნდება ტურანდოტი. ხალხი მიწაზე გაერთხმება. ფეხზე რჩებიან მხოლოდ სპარსეთის უფლისწული, კალაფი და ჯალათი. სიკვდილის განაჩენის ნიშნად, ტურანდოტი მბრძანებლურად აიქნევს ხელს. პროცესია სვლას განაგრძობს, ბასტიონების გასწვრივ ჩაივლის და ქრება. ბინდში გახვეულ მოედანზე რჩებიან მხოლოდ ტიმური, ლიუ და კალაფი, რომელიც ტურანდოტის სილამაზეს მოუჯადოებია. ის ყურს არ უგდებს მამისა და ლიუს მუდარას და გონგისკენ მიიწევს, რომ შემოჰკრას და ამით პრინცესას ხელის მორიგი მთხოვნელი გახდეს, რის შემდეგაც საბედისწერო გამოცანების გამოცნობა მოუწევს.
სამი ნიღაბი, ტურანდოტის სამი მინისტრი - პინგი, პანგი და პონგი გზას უღობავენ კალაფს და ყველა შესაძლო საზარელი სასჯელით ცდილობენ გადააფიქრებინონ. მაგრამ, ბასტიონებზე გამოჩნდებიან და კვლავ გაქრებიან ტურანდოტის მიერ დასჯილთა აჩრდილები, რომელთა შორეული ხმები კალაფს მოუწოდებენ, იხმოს ტურანდოტი, რათა მათ კვლავ იხილონ მისი მშვენიერება და გაიგონონ მისი ხმა.
საბოლოოდ, კალაფი არც მუქარას, არც მუდარას შეისმენს, გონგს შემოჰკრავს და სამჯერ ხმამაღლა მოუხმობს ტურანდოტს.
მეორე მოქმედება
პინგი, პანგი და პონგი უცნობი პრინცისთვის დაკრძალვის ან ქორწილის რიტუალის მომზადებას განიხილავენ. ისინი დანანებით იხსენებენ მშვიდ, შორეულ წარსულს, როცა ყოველდღე სისხლისღვრის მოწმენი არ ხდებოდნენ. ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ პრეტენდენტთაგან რომელიმე შეძლებს გამოიცნოს ტურანდოტის გამოცანები და ბოლო მოუღოს გაუთავებელ უბედურებებს. ამის შემდეგ კვლავ სიმშვიდე და იდილია დაისადგურებდა ჩინეთში.
საყვირის ხმა მინისტრებს რეალობაში აბრუნებს. ისინი ვალდებულნი არიან სასახლეში გამოცხადდნენ და გამოცანების გამოცნობის რიტუალს დაესწრონ.
იმპერატორის სასახლის წინ, ვრცელი მოედნის შუაგულიდან მარმარილოს კიბეები ზევით მიემართება და თაღებში იკარგება. მოედანი კი, თანდათან ხალხით ივსება.
შემოდის რვა, ერთმანეთის მსგავსი მხცოვანი ბრძენი – ერთნაირად ტანმაღალნი და წარმოსადეგნი. მძიმედ და თანაბრად მოაბიჯებენ. თითოეულ მათგანს ხელში აბრეშუმის სამი გრაგნილი უჭირავს, რომელშიც ტურანდოტის გამოცანების პასუხებია დალუქული.
მაღლა, კიბეების ბოლოში გამოჩნდება სპილოს ძვლის ტახტზე მჯდარი იმპერატორი ალტოუმი, რომელიც ღრუბლებში გამოჩენილ ღმერთს ჰგავს. კალაფი კიბის ძირას იცდის. ტიმური და ლიუ ხალხში დგანან.
იმპერატორი თავადაც ცდილობს, გადააფიქრებინოს კალაფს და ამით სიკვდილს აარიდოს. თავის მხრივ, ტურანდოტიც განმარტავს, რატომაა საქმროების მიმართ ასეთი სასტიკი. მაგრამ კალაფი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. ის იოლად გამოიცნობს პირველ გამოცანას - იმედი ანათებს ბნელში. მეორე გამოცანა რამდენადმე ძნელია - სისხლია ის, რაც ალივით ბრიალებს, მაგრამ ალი არ არის. თავზარდაცემული ტურანდოტი მესამე გამოცანას წარმოთქვამს - რა არის ყინული, რომელიც წვავს? კალაფი საზეიმოდ წარმოთქვამს, რომ ეს ტურანდოტია.
ბრბოს სიხარული მოიცავს, მაგრამ ტურანდოტი შეძრწუნებულია. ის ევედრება მამას, ნუ აჩუქებს გამარჯვებულს მის თავს, როგორც მხევალს. ხალხი და იმპერატორი პასუხობენ, რომ წმინდა ფიცის დარღვევა არ შეიძლება.
მაგრამ კალაფს ასეთი გამარჯვება არ უნდა. ის თავად სთავაზობს ტურანდოტს გამოცანას - თუ პრინცესა განთიადამდე მის სახელს გამოიცნობს, კალაფი მზადაა მოკვდეს.
მესამე მოქმედება
იმპერატორის სასახლის ვრცელი ბაღი. ღამეა. შორიდან მოისმის მაცნეთა ძახილი, რომლებიც უზარმაზარი ქალაქის ქუჩებში დადიან და ხალხს პრინცესას ბრძანებას აცნობენ. მათ სიტყვებს იმეორებს სხვა, ახლო თუ შორეული ხმები. ტურანდოტი ბრძანებს: „ნურავინ დაიძინებს ამაღამ პეკინში, უცნობის სახელი დილამდე უნდა გამჟღავნდეს, თორემ ყველა სიკვდილით დაისჯება!” პავილიონის საფეხურებზე მთვარეულივით ჩამომჯდარა კალაფი, რომელიც ღამის სიჩუმეში ყურს უგდებს მაცნეთა ძახილს. ის თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ბუჩქებიდან გამოძვრება სამი ნიღაბი. მათ მოჰყვება ღამის წყვდიადში ძნელად გასარჩევი ფიგურების მცირე ჯგუფი, რომელიც თანდათან იზრდება. პინგი, პანგი და პონგი ცდუნებით, მუდარით და ხანაც მუქარით ცდილობენ კალაფს საკუთარი სახელი დააცდენინონ.
ჯარისკაცები ჩამოძონძილ, ღონემიხდილ და დასისხლიანებულ ტიმურსა და ლიუს მოათრევენ. გამოჩნდება ტურანდოტი. ყველანი მიწაზე გაერთხმებიან. ტურანდოტი დამცინავად უბრძანებს ტიმურს, გაამხილოს კალაფის სახელი, მაგრამ, სანამ მოხუცი მიხვდება, რა სურთ მისგან, რომ ტანჯვას გადაარჩინოს, ლიუ გამოდის და აცხადებს, რომ ეს სახელი მხოლოდ მან იცის და სხვამ არავინ, ოღონდ, ეს მისი საიდუმლოა და არავის გაუმხელს. კალაფი ცდილობს დაიცვას ლიუ მოახლოებული ჯარისკაცებისგან, მაგრამ ისინი მაგრად შებოჭავენ მას. ტურანდოტი გაოგნებულია, რა აძლევს ლიუს ასეთ სიმტკიცეს. „სიყვარული, რომელსაც ყინულით მოსილი ტურანდოტის დაძლევაც შეუძლიაო“ - პასუხობს ლიუ. ბრბოს და პრინცესას რისხვა სულ უფრო მატულობს. მაშინ, ლიუ ერთ-ერთ ჯარისკაცს ხელიდან ხანჯალს გამოგლეჯს და ჩაირტყამს. მერე, კალაფისკენ გაბარბაცდება და მის ფეხებთან უსულოდ ეცემა.
ყველა თავზარდაცემულია. პინგი, პონგი და პანგი ავანსცენაზე დგანან, გულდამძიმებულნი. ლიუს სხეული გააქვთ. ხალხი უკან მიჰყვება. უფლისწული და ტურანდოტი მარტონი, ერთმანეთის პირისპირ რჩებიან. ფართო მანდილით შებურვილი ტურანდოტი გაუნძრევლად დგას. კალაფი კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს თავის სიყვარულში და, პრინცესას ზიზღით სავსე წინააღმდეგობის მიუხედავად კოცნის მას.
მაშინ ტურანდოტი გამოტყდება, რომ პირველი შეხვედრისთანავე რაღაც უცნაური, საშინელი გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ. რამდენი დაღუპულა მისი გულისთვის, ყველა მათგანი სძულდა, კალაფისა კი ეშინოდა! პრინცი უხსნის, რომ ეს სიყვარულია. ტურანდოტი აღიარებს, რომ ეს იყო მისი დიდი საიდუმლო და სთხოვს მას, ამაზე დიდ გამარჯვებას ნუღა მოითხოვს, ამ საიდუმლოსთან ერთად წავიდეს პეკინიდან. ეგზალტირებული კალაფი წასვლას არ აპირებს, კვლავ არწმუნებს ქალს თავის სიყვარულში და ამის დასამტკიცებლად საკუთარ სახელსაც უმხელს. ახლა ტურანდოტს მისი განადგურება შეუძლია.
თეთრი მარმარილოთი ნაგები იმპერატორის სასახლის ფასადს განთიადის სხივები ანათებს. სცენის სიღრმეში, მაღალი კიბეების ბოლოს, კარისკაცებით, ბრძენებითა და მცველებით გარშემორტყმული იმპერატორი ზის.
მოედანს ხალხი შემორტყმია. სამი განმგებელი მიწაზე ოქროს ფიანდაზს აფენს და ტურანდოტი კიბეებს აუყვება. ის იმპერატორს პრინცის სახელს უცხადებს - მას ქვია სიყვარული.
როგორც იქნა, ნანატრმა მშვიდობამ დაისადგურა. ბედნიერი ხალხი უმღერის სიყვარულს, როგორც სინათლის და სიცოცხლის მარადიულ წყაროს.